მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი სასწავლი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს NATO-ს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ნაწილს.
„უმჯობესია, ასეთ ქვეყნებს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა კიბერსივრცის, უსაფრთხოების კომუნიკაციებისა და სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევა. NATO-ს კარი ღია რჩება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
6-7 აპრილს NATO-ს მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც.
შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან სესიებზე ალიანსის წევრების გარდა მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო ფინეთი და შვედეთი.
შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა