ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა, რათა სამხედრო დანაშაულებზე მტკიცებულებები შეაგროვოს  

„ყველამ ვნახეთ შემზარავი კადრები ბუჩადან და სხვა რაიონებიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ რუსეთის ჯარები გავიდა. გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის მივუსამძიმრე და ამ საშინელ დროს ევროკომისიის სრული მხარდაჭერა აღვუთქვი. ეს უკიდურესი სისასტიკე არ შეიძლება და არც დარჩება უპასუხოდ“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის დამტკიცებამდე განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ამ საშინელი დანაშაულების ჩამდენნი დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ.

„ევროკავშირმა უკრაინასთან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი შექმნა. მისი ამოცანაა შეაგროვოს მტკიცებულებები და გამოიძიოს სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები უკრაინაში. რუსეთი სასტიკ და დაუნდობელ ომს არა მხოლოდ უკრაინის მამაცი ჯარების, არამედ მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაც აწარმოებს. ამ კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვანია პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნება. სანქციების ოთხმა პაკეტმა მძიმე დარტყმა მიაყენა და შეზღუდა კრემლის პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობები. ხელშესახებ შედეგებს ვხედავთ. მაგრამ ცხადია, მოვლენების გათვალისწინებით, ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. დღეს შემოგვაქვს წინადადება, ჩვენი სანქციები მეტად გავაძლიეროთ. სანქციებს გავაფართოვებთ და გავაძლიერებთ, რათა რუსეთის ეკონომიკაში უფრო ღრმად შეიჭრნენ“,- აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი მნიშვნელოვანია და რუსეთს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს.

„ამ მეხუთე პაკეტს აქვს ექვსი მიმართულება. პირველ რიგში, დავაწესებთ რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტის აკრძალვას, რომლის ღირებულება წელიწადში 4 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს სანქცია რუსეთს შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს გადაუკეტავს.

მეორე:ტრანზაქციების სრულად აკრძალვა ოთხ მთავარ რუსულ ბანკთან, მათ შორის სიდიდით მეორე - VTB ბანკთან. ამ ოთხ ბანკს, რომლებიც ჩვენ ბაზრებს  სრულად ჩამოვაშორეთ, რუსეთის საბანკო სექტორში საბაზრო წილის 23% უკავიათ.ეს რუსეთის ფინანსურ სისტემას კიდევ უფრო შეასუსტებს.

მესამე: რუსეთის გემებისა და რუსეთის სარგებლობაში მყოფი გემებისათვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვა. გარკვეული გამონაკლისები შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტები, ჰუმანიტარულ დახმარებას, აგრეთვე - ენერგომატარებლებს.  გარდა ამისა, დავაყენებთ წინადადებას რუსეთის და ბელარუსის საგზაო სატრანსპორტო ოპერატორებისთვის აკრძალვების დაწესების თაობაზე. ეს რუსეთის სამრეწველო დარგს საჭირო ნაწარმის მიღების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად შეუზღუდავს.

მეოთხე: 10 მილიარდი ევროს მოცულობის ექსპორტის აკრძალვა ისეთ მიზნობრივ სფეროებში, რომლებშიც რუსეთი ყველაზე დაუცველია. ამაში შედის, მაგალითად, კვანტური კომპიუტერები და თანამედროვე ნახევარგამტარები, აგრეთვე მაღალი სიზუსტის მოწყობილობები და სატრანსპორტო ტექნიკა. ამით რუსეთის ტექნოლოგიური ბაზის და სამრეწველო სიმძლავრეების დასუსტებას გავაგრძელებთ.

მეხუთე: ახალი აკრძალვები იმპორტზე, 5.5 მილიარდი ევროს ღირებულებით, რუსეთისა და მისი ოლიგარქებისთვის ფულის ნაკადის შესამცირებლად ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ხის მასალა თუ ცემენტი, ზღვის პროდუქტები თუ ალკოჰოლური სასმელები. ამით რუსეთსა და ბელარუსს შორის არსებულ კავშირებს დავასუსტებთ.

მეექვსე: მივიღებთ რიგ მიზანმიმართულ ზომებს, როგორიცაა რუსული კომპანიებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აკრძალვა, ან რუსეთის სახელმწიფო ორგანოებისთვის ყოველგვარი ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება როგორც ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან. იმიტომ, რომ ევროპელთა მიერ გადახდილი გადასახადების თანხები რუსეთში არანაირი ფორმით ან სახით არ უნდა მოხვდეს.

და ბოლოს, ასევე გთავაზობთ სანქცირებული პირების სიის გაფართოებას, რასაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი აგიხსნით. მაგრამ ამით არ შემოვიფარგლებით ვმუშაობთ დამატებით სანქციებზე, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით და ვმსჯელოებთ წევრი სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ იდეაზე, როგორიცაა გადასახადები ან გადახდის კონკრეტული არხები, როგორიცაა პირობითი დეპონირების ანგარიშები.

დღეს მსგავს სანქციებს 40-ზე მეტი ქვეყანა ახორციელებს. მკაფიო პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის ევროპაში, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. მკაფიო პოზიცია პუტინის ომის არჩევანის წინააღმდეგ. მკაფიო პოზიცია მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ და მკაფიო პოზიცია მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის წინააღმდეგ“, - განაცახადა ევროკომისის პრეზიდენტმა.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. 

ასევე წაიკითხეთ: 

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა