ჩვენ ვთქვით ცალსახად, რომ ეკონომიკურ სანქციებს არ დავაწესებდით ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზი უკავშირდება სამხედრო ინტერვენციის რისკს და, რა თქმა უნდა, სანქციები არის ამასთან პირდაპირ კავშირში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სანქციების ეკონომიკურ ასპექტზეც ილაპარაკა. „ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამ ურთიერთობების მყისიერი ჩაჭრა კარგად მოგეხსენებათ, რასაც გამოიწვევს, იქნება უმძიმესი შედეგები ქართულ ეკონომიკაზე, იგივე ენერგეტიკის სფეროში ძალიან მძიმე იქნება ამ კავშირების ჩაჭრა რუსეთთან.
ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი ასი ათასობით მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ან რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
არის ორი ფაქტორი - ინტერვენციის რისკი და ეკონომიკური მხარე. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ალტერნატივა. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი შეძლებლობების მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ისევე, როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი ქვეყანა“, - აღნიშნა კობახიძემ.
25 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცახდა, რომ საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში