პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვყანას მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მისი თქმით, „ხელისუფლებამ მოახერა ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაასტაბილურა, მათ შორის, რუსეთთანაც მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“.
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ახლაც ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, შესაბამისად, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“.
„არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს დააზიანებს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომლებიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“.
საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.