დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლე კირილენკოს განცხადებით, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე სარაკეტო დარტყმის შედეგად მინიმუმ 50 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. 38 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 საავადმყოფოში. 

მისივე თქმით, დაჭრილია 98 ადამიანი. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აქვთ მიღებული.

ავიადარტყმის დროს სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ.

სარაკეტო დარტყმა კრამატორსკში სადგურს 8 აპრილის დილით მიაყენეს. რაკეტის ნარჩენებზე შემორჩენილია წარწერა „ბავშვებისთვის“. უკრაინის და რუსეთის ხელისუფლება თავდასხმაში მტერს ადანაშაულებს. კრამატორსკი არის ქალაქი დონეცკის ოლქში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. რუსი სამხედროები ამ ტერიტორიებს უტევენ.

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ზურაბიშვილი: რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს