S&P Global Ratings-მა "შერჩევითი დეფოლტის" გაზრდილი რისკების გამო, რუსეთის უცხოური ვალუტის რეიტინგი შეამცირა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მოსკოვი საგარეო ვალის კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებით გადახდას ვეღარ შეძლებს.
უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთს საგარეო დეფოლტის საფრთხე პირველად ემუქრება მას შემდეგ, რაც მან გასულ კვირაში ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა, კონტრაქტით კი დოლარის ვალუტა იყო გათვალისწინებული. "ამჟამად, ჩვენ არ ველით, რომ ინვესტორები, ან მთავრობა 30-დღიან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში რუბლის გადახდების დოლარში კონვერტირებას შეძლებენ." - ნათქვამია S&P-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რაც თავისთავად შეაფერხებს მოსკოვის ტექნიკურ შესაძლებლობას, გადაიხადოს უცხოური ვალი კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალუტაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა ევრობონდების პროცენტი რუბლში გადაიხადა.
უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.
ასევე წაიკითხეთ
დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს