ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ.
„გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა კიევში. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შეხვედრა იქნება გენერალურ პროკურორთან, ბატონ ხანთან. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა სახის დახმარებას როგორც უკრაინელი პროკურორების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით