საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა.

საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის:

  • „კითხვარის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა ერთი თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკაშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“.

28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


ამავე თემაზე

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა