უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ დაეხმარებიან უკრაინას აღნიშნული კითხვარის შევსებაში.
„ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში.
ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა: „პასუხები მზად გვექნება ერთ კვირაში“.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს.
2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
„ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს
რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი