რუსეთი ევროკავშირის მთელი რიგი მაღალჩინოსნებისთვის ე.წ. შავ სიას აფართოებს, რაც ქვეყანაში შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი "შავ სიას" ევროკავშირის მხრიდან სანქციების საპასუხოდ გააფართოებს.
„ევროკავშირის ქმედებებზე საპასუხოდ, რუსულმა მხარემ მიიღო საპასუხო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების წარმომადგენელთა სიის გაფართოების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე განმარტებით, რუსეთის "შავ სიაში" შეყვანილთა რაოდენობა განისაზღვრა ევროკავშირის სიის პარიტეტის საფუძველზე.
ზახაროვას განცხადებით, „ბოლო დროს ევროკავშირმა მთელი რიგი არამეგობრული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან და მის მოქალაქეებთან დაკავშირებით და აბსურდული საბაბით განაგრძობს სანქციების გაფართოებას“.
პრესკონფერენციაზე მას არ დაუსახელებია, კონკრეტულად, რომელ ინსტიტუტებს შეეხება ეს გადაწყვეტილება.