პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 84 ხმით, 1 წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელები, საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან და გადაუხდელი ჯარიმის/საურავის თანხის გადახდისაგან 2023 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებები კოლეგებს ერთ-ერთმა ინიციატორმა ბექა დავითულიანმა გააცნო.
საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგენს, პარლამენტის მიერ, 2021 წელს განხორციელებული ცვლილების ე.წ გაგრძელებას.
დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი პასუხისმგებლობისგან 2022 წლის 1 იანვრამდე იყო გათავისუფლებული.
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად კი, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება.