ბაიდენი რუსეთს გენოციდში ადანაშაულებს

მზარდი ინფლაციის შესახებ გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.

„ის ომის დამნაშავეა”, - განაცხადა ბაიდენმა პუტინის შესახებ, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის შესახებ ქალაქ ბუჩაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას ომის დროს მისი ქმედებებისთვის.


პუტინის მტკიცებით კი, „ბუჩა სიყალბეა და მსგავსი „პროვოკაციები" სირიაშიც განხორციელდა“. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.