უკრაინელები ძალიან აფასებენ აშშ-ისა და NATO-ს სხვა მოკავშირეების სამხედრო დახმარებას. მაგრამ კითხვა ღიად რჩება: რა არის აშშ-ის საბოლოო მიზანი უკრაინაში? მხოლოდ ის, რომ ქვეყანა გადარჩეს, თუ მისცეს მას ამ ომში გამარჯვების საშუალება? როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ამ ომის დასასრული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ნაცისტური სახელმწიფოს აღზევების აშკარა ნიშნებია? ამ შეკითხვით 12 აპრილს, მედიასთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში და პენტაგონის პრესსპიკერს ჯონ კირბის.
„პირდაპირ გეტყვით და ეს არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. ჩვენ გვსურს, უკრაინას მივცეთ ყველა შანსი, რომ დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავი რუსეთის ამ არაპროვოცირებული შემოჭრისგან. ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ ამის შესახებ. მდივანი ოსტინი ასე ხშირად ამიტომ ესაუბრება მინისტრ რეზნიკოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ და რომლებსაც ძალიან, ძალიან ეფექტიანად იყენებენ.
და სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა კოორდინირება გავუწიოთ სხვა საშუალებების მიწოდებას, რაც მათ აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და ვიცით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ ძალიან, ძალიან ღია ვიქნებით ამ საკითხში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ომი დასრულდეს, არ მგონია, ეს ახლა ვინმემ შეიძლება, იცოდეს. მე შემიძლია გითხრათ, რა სურს შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს მთლიანი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც სრულად პატივს სცემენ და რომელსაც აქვს აღდგენის შანსი, ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას სცენ პატივი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს. ჩვენ გვინდა, რუსეთის ძალებმა დატოვონ უკრაინა.
მაგრამ როგორ მივალთ აქამდე? ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ზელენსკის ლიდერობას, მისი მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც მის სამხედროებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, იბრძოლონ ამ ომში ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, განსაზღვრონ ამ ომის დასასრული ისე, როგორც უკეთესია უკრაინელი ხალხისთვის. ასე რომ, როგორ გამოიყურება გამარჯვება პრაქტიკული აღქმისა და ფიზიკურად, რეალური შედეგების თვალსაზრისით, ეს არის ის, რაც ბატონმა ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს და ჩვენ პატივს ვცემთ მის შესაძლებლობებს.
ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ბატონ ზელენსკის ვუკარნახოთ კონკრეტული პირობები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს გამარჯვება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მივცეთ მას შესაძლებლობა, თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და გააკეთოს ეს დამაჯერებლად და მტკიცედ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.
ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩის მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს