BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს

კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC ავრცელებს.

BBC ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“. ამასთან, როგორც პესკოვი აღნიშნავს, მათ არ იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს ასეთი გაცვლა.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.