თეგი: კრემლი

ენტონი ბლინკენი: კრემლის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარება“ მინსკის შეთანხმებების უარყოფა იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეფასებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სახელმწიფო დუმის მიმართვის კრემლის მიერ დამტკიცება, რუსეთის მთავრობის მიერ მინსკის შეთანხმებების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების უარყოფა იქნება. ბლინკენის შეფასებით, ამ რეზოლუციის ამოქმედება კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და კიდევ უფრო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს რუსეთის მიერ გაცხადებულ ვალდებულებას, ჩაერთოს დიპლომატიაში ამ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად. სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს ნაბიჯი საჭიროებს შეერთებული შტატების სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სრული კოორდინაციით. 15 თებერვალს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დადგენილება მიიღო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს.

ლოიდ ოსტინი: მინდა, კრემლში პრეზიდენტმა პუტინმა იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ლიეტუვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ეთანხმება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვას, რომლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „მსურს ლიეტუვაში, ესტონეთსა და ლატვიაში ყველამ და კრემლში პრეზიდენტმა პუტინმაც იცოდეს, რომ შეერთებული შტატები თავისი მოკავშირეების გვერდით დგას" - განაცხადა ოსტინმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. მოსკოვი, რომელმაც ათიათასობით ჯარისკაცი მოაგროვა უკრაინის საზღვართან და შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებით გამოდის, უკრაინაში შეჭრის გეგმას უარყოფს და დასავლეთს ისტერიაში ადანაშაულებს. 19 თებერვალს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ თუ კრემლი მოინდომებს უკრაინის ხელში ჩაგდებას, მოსკოვის შემდეგი სამიზნე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი იქნებიან. „ბრძოლა უკრაინისთვის არის ბრძოლა ევროპისთვის. თუ ის იქ არ გაჩერდება, ის უფრო შორს წავა", - განაცხადა ლანდსბერგისმა. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა

„არამეგობრული“ ქვეყნები იძულებულნი არიან გადაიხადონ რუსული გაზის საფასური სპეციალური სქემით. დაეხმარება თუ არა ეს რუსეთის ეკონომიკას და გააძლიერებს რუბლს? europetime გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ.  ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური  რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. კერძოდ, რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს.  ვინ არიან „არამეგობრული ქვეყნები“? ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კიდევ 20 ქვეყანა. „არამეგობრული“ ქვეყნებში რუსული გაზის ყველაზე დიდი 5 იმპორტიორიდან 4 - გერმანია, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი ახალ სქემაში მოხვდა. გაზის საფასურის რუბლში გადახდა არ მოუწევს თურქეთს, რომელიც ამ ხუთეულის წევრია.  2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია.   შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო).  აშშ-ს სააგენტო S&P Global Platts-ის ინფორმაციით 2022 წელს ევროპა სანქციებისა და უკრაინაში ომის მიუხედავად რუსულ გაზს შეუფერხებლად მიიღებს.  მოუწევთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებს გაზში რუბლის გადახდა? არ მოუწევთ. კრემლის მიერ წარმოდგენილი ახალი სქემა ასეთია: „არამეგობრული ქვეყნის“ წარმომადგენელმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნას ევროში და დოლარში.  შემდეგ „გაზპრომბანკი“ უცხოურ ვალუტას გაყიდის „მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე“ და მიღებულ რუბლს შემსყიდველის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს, რომელიც თავად გადარიცხავს თანხას „გაზპრომის“ ანგარიშზე.   ამასთან რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას რომ რიგმა ქვეყნებმა და კონტრაქტორებმა გაზი სქემის გვერდის ავლით იყიდონ.  რეალურად არაფერი შეცვლილა? არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „გაზპრომბანკი“, რომლის არხებშიც გაზის საფასურის ტრანზაქციები გაივლის, დასავლური სანქციების ქვეშ, სავარაუდოდ გარანტირებულად აღარ მოხვდება.   როგორ იმოქმედებს პუტინის ახალი სქემა რუბლის კურსზე? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლის გადახდის სქემა რუბლის კურსის ვარდნას ვერ შეაჩერებს. „გაზპრომბანკი“ მიღებული ვალუტის 80%-ს მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე გაიტანს, თუმცა ეს რუბლსა და რუსეთის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება.  მაშინ რაში სჭირდება პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქ მთავარია ეკონომიკური მოსაზრებები და პოლიტიკური წინააღმდეგობა.    რუსეთის ხელისუფლებას და პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა პირველ რიგში იმისთვის სჭირდებოდა რომ გაერკვია მზადაა თუ არა საერთაშორისო ბაზარი რუსული გაზი და ნედლეული რუბლში იყიდოს.  ანალიტიკოსების შეფასებით, გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას სურდა გადაერჩინა თავისი სავაჭრო პარტნიორები რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისთვის სანქციების საფრთხისგან: საერთაშორისო მარეგულირებელებისთვის უფრო რთულია ტრანზაქციების თვალყურის დევნება რუბლებში. და ბოლოს, თუ კრემლი აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს იყიდონ გაზი რუბლით, ამან შეიძლება შექმნას დამატებითი მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე (და მხარი დაუჭიროს რუბლის კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში) და უზრუნველყოს სანქციების გავრცელება ნედლეულის სრულ ემბარგოზე რუსეთიდან. სწორედ ეს აკრძალვა ვრცელდება ირანული ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ ირანი კვლავ ახორციელებს საგარეო ვაჭრობას ირანულ არეალში სპეციალური ანგარიშების მეშვეობით. რუსეთს ასევე შეუძლია შექმნას ასეთი ალტერნატიული ფინანსური ინფრასტრუქტურა. კიდევ რა მიზნები აქვს კრემლს და ჩავარდა თუ არა პუტინის გეგმა? პუტინის პირველ განცხადებას, რომ „არამეგობრული“ ქვეყნების მიერ რუსული გაზის საფასურის  გადახდა რუბლებში უნდა მოხდეს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა კატეგორიული უარით უპასუხეს.  როგორც ჩანს, მთელი გასული კვირა რუსეთი და ევროკავშირი ვაჭრობდნენ. შედეგად, მხარეები მივიდნენ „რბილ“ გადაწყვეტამდე, რომელიც ორივე მხარეს შეეფერება. ანალიტიკოსების შეფასებით,  კრემლმა შეასრულა თავისი შიდა პიარის მიზნები - ”ჩვენ ვაჩვენეთ ევროპას [ვინ არის პასუხისმგებელი]!” - და ამავდროულად გარანტირებული იქნება „გაზპრომბანკის“ სანქციების საფრთხისგან გამოყვანა. გარდა ამისა, რუსული „გაზპრომბანკისთვის“ გაზის გადასახადების გადაცემის გამო, მცირდება რუსეთის მიერ მისი ენერგორესურსებისთვის თანხების დაბლოკვისა და გაყინვის რისკები. მაგალითად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შესთავაზა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეაჩერონ რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობის საფასურის გადახდა, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებდა. ამავდროულად, პუტინის განკარგულებით, რუსეთის ხელისუფლება ასევე ვერ შეძლებს „გაზპრომბანკში“ უცხოელი მყიდველების უცხოური ვალუტის სპეციალური ანგარიშების დაბლოკვას ან გაყინვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი მიანიშნებს, რომ არ აპირებს დასავლელ მყიდველებს ჩამოართვას რუსული გაზის გადახდის და მიღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს არხი „გაზპრომბანკის“ მეშვეობით, რათა უზრუნველყონ გადახდები გაზზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი სხვა გადასახადისთვის, მაგალითად, ნავთობისთვის. „ირანისა და ვენესუელას გამოცდილება [რომლებიც სანქციების ქვეშ არიან] გვიჩვენებს, რომ ბანკებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ისე, რომ მათი საბოლოო ბენეფიციარების დადგენა თითქმის შეუძლებელი იქნება“, - განუცხადა WSJ-ს აშშ-ს ხაზინის ყოფილმა წარმომადგენელმა კერი შტაინბუერმა. გადაწყდა თუ არა პრობლემა? არა. ევროპა კვლავ აპირებს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგო წყაროებზე - ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე, რადგან კრემლი მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბეროლმა. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ექსპერტები ევროკავშირს ურჩევენ: არ დადოს ახალი კონტრაქტები გაზპრომთან, შეცვალოს რუსული გაზი LNG-ით შეერთებული შტატებიდან და მილსადენებით ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, მოახდინოს ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირება, შეამციროს შენობების გათბობის ტემპერატურა ევროკავშირში, დაზოგოს 200 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გაძვირების პირობებში ყველაზე დაუცველი მომხმარებლების მხარდასაჭერად. რამდენად რეალურია ამ ამოცანის სწრაფად მიღწევა?  ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპა აჭიანურებს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას, რაც დიდი ხანია დაგეგმილი იყო. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის დამატებითი მოცულობის პოვნის შესაძლებლობაზე. მაგრამ ამ დროისთვის ამ ბაზარზე დეფიციტია და არსებული LNG ქარხნები სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. რუსული გაზის მთავარი ალტერნატივა არის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ-დან და ყატარიდან, მაგრამ ამისთვის ევროპის ბაზარზე გათვლილი LNG სიმძლავრეები უნდა გაფართოვდეს. ამას შეიძლება ხუთიდან შვიდი წელი დასჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული გაზის (ევროპული ბაზრისთვის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი წყარო) შემცვლელის პოვნა გაზის მაღალი ფასების შენარჩუნებას ნიშნავს. მაგალითად, გერმანიის 41,5 მილიონი ოჯახებიდან დაახლოებით ნახევარი გაზს იყენებს გასათბობად. გერმანულ ოჯახს, რომელმაც 2022 წლის მარტში გააფორმა კონტრაქტი გაზის კომპანიასთან, წლის განმავლობაში საშუალოდ 62%-ით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში დადებული ასეთი კონტრაქტი. ხოლო დიდ ბრიტანეთში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საშუალო ოჯახის გადასახადი ყველაფერზე, რაც ეხება ენერგორესურსებს (გათბობა, ცხელი წყალი, ელექტროენერგია) გაიზრდება 1100 ფუნტით. მთლიანი ხარჯები ინფლაციის გამო გაძვირებული პროდუქტების გათვალისწინებით 2600 ფუნტით. გაზის (+81%) და ელექტროენერგიის (+36%) სტანდარტული ტარიფების 1 -ელ აპრილს გაზრდით ქვეყანაში ხუთი მილიონი ოჯახი „ენერგეტიკული სიღარიბის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ ვითარება გაუარესდება და კრემლი მაინც გადაწყვეტს ევროპის „გათიშვას“ რუსული გაზისგან? ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება გიგანტური შოკი ევროპის ეკონომიკისთვის. მაგრამ ამავდროულად  რუსეთისთვის ევროპული მიმართულებით ექსპორტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრ ვარდნას ნიშნავს. 2022 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ქვეყნის შემოსავლების 38,1% ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე მოდის. შეუძლებელი იქნება გამოშვებული ნაკადების სწრაფად გადამისამართება სხვა მიმართულებით (მაგალითად, ჩინეთში) , მაშინ რუსეთს მოუწევს ახალი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნა..

კრემლმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა ოფიციალურად აღიარა

კრემლმა ოფიციალურად პირველად აღიარა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შვილებად ეკატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა, რომელთა მიმართაც აშშ-მა სანქციები დააწესა. "კრემლი აუცილებლად უპასუხებს პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს და ამას გააკეთებს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის", - განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან. ამასთან, აშშ-მა 6 აპრილს გამოაცხადა მოსკოვის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო შემოღებული შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი, რომელიც ეხება რუსულ ბანკებს - სბერბანკს და ალფა-ბანკს - ისევე, როგორც მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახების წევრებს, პუტინის ქალიშვილების ჩათვლით. ასევე წაიკითხეთ: BBC: ვინ არიან პუტინის ქალიშვილები

BBC: კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს

კრემლი ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ყოფილი უკრაინელი დეპუტატის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC ავრცელებს. BBC ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის, მას არავითარი შეხება რა აქვს სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან. ის უცხო ქვეყნის პოლიტიკური მოღვაწეა“. ამასთან, როგორც პესკოვი აღნიშნავს, მათ არ იციან, სურს თუ არა თავად მედვედჩუკს ასეთი გაცვლა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი გუშინ დააკავეს. უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ინიციატივით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.

კრემლმა ბაიდენის ცოლ-შვილს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულთა სიაში, ამერიკის კიდევ 25 მოქალაქე შეიყვანა. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოლი და ქალიშვილი. ასევე "სტოპ ლისტში" არიან სენატორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსოფობიური კურსის ფორმირებაზე და მეცნიერები, მაგალითად, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა. ყველა მათგანს რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. რუსეთის მიერ სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1 048-ს მიაღწია. მანამდე, უკრაინაში ომის გამო დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აუკრძალა რუსეთში შესვლა თავად ჯო ბაიდენს, მის ვაჟს ჰანტერს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს, ასევე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს. სანქცირებულთა შორის არან მარკ ცუკერბერგი და LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და მედუზას ინგლისური ვერსიის მთავარი რედაქტორი კევინ როტროკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა შინა პატიმრობაშია

კრემლის კრიტიკოსი, რუსი ჟურნალისტი მარინა ოვსიანიკოვა შინაპატიმრობაში იმყოფება. რუსეთის პირველი არხის ყოფილ რედაქტორს შინაპატიმრობაში ყოფნა ოქტომბრამდე მოუწევს. მის წინააღმდეგ საქმე რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორაციის გავრცელების ბრალდებას მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.   10 აგვისტოს რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას სახლში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ მის წინააღმდეგ საქმე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით აღიძრა. ამის შესახებ ოვსიანიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია მის მიერ რამდენიმე თვის წინ კრემლის სიახლოვეს გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დაგმო.    შეგახსენებთ, რომ რუსული „პირველი არხის“ ყოფილი რედაქტორი მარინა ოვსიანიკოვა, ჯერ კიდევ მარტში მთავარი საინფორმაციო გამოშვებისას ეთერში საპროტესტო ბანერით შევიდა. ოვსიანიკოვა დააკავეს და "არაკოორდინირებული აქციის მოწყობისთვის" 30 000 რუბლით დააჯარიმეს.   „პუტინი მკვლელია. მისი ჯარისკაცები ფაშისტები არიან. დაიღუპა 352 ბავშვი. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ გაჩერდე?..“ - ამ შინაარსის ბანერით ხელში კი, მარინა ოვსიანიკოვამ კრემლთან ერთკაციანი აქცია ივლისში გამართა.

კრემლი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას სანქციების გაუქმების შემდეგ განაახლებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადი“ მუშაობას მაშინ განაახლებს, როცა დასავლეთის ქვეყნები რუსეთს სანქციებს მოუხსნიან.  ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა „სანქციების მოხსნის შემდეგ, საშუალება გვექნება „ჩრდილოეთის ნაკადის“ ტურბინებს სარემონტო სამუშაოები ჩავუტაროთ, რადგან სწორედ ამ მიზეზით გაჩერდა გაზსადენი“, - აღნიშნა პესკოვმა.  მისი მტკიცებით, გაზის გადატუმბვის პრობლემა სანქციების გამო შეიქმნა. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ.  

კრემლი: პუტინმა ერდოღანთან საუბარში კიევთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „სიტუაციის ცვლილებით იცვლება მათი პირობებიც“. ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განუცხადა.  დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს „პრეზიდენტმა თქვა, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ როგორც სიტუაცია იცვლება, ისე იცვლება პირობები“, - განაცხადა პესკოვმა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Reuters: კრემლმა ვატიკანს შუამავლობაზე უარი უთხრა

Reuters-ის ცნობით, კრემლი მიესალმება ვატიკანის შეთავაზებას, უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების პლატფორმის უზრუნველყოფაზე, , მაგრამ რუსეთში აცხადებენ, რომ კიევის პოზიციის გამო ეს შეუძლებელია. რომის პაპი კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს: მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა „რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამგვარ პოლიტიკურ ნებას, მაგრამ დე ფაქტო და დე იურე სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც ახლა შეიქმნა უკრაინაში, ასეთი პლატფორმა ვერ იქნება მოთხოვნადი“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. დაახლოებით 10 დღის წინ, რომის პაპმა ფრანცისკემ, განაცხადა, რომ ვატიკანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, რათა ომი დასრულდეს.  

რუსი დეპუტატი განმარტავს, რატომ უნდა ჩანაცვლდეს სკოლებში ინგლისური ენა ჩინურით და სხვა "მეგობრული ქვეყნების" ენებით

რუსეთის ფედერაციაში სკოლის მოსწავლეებმა, პროგრამის ფარგლებში უნდა ისწავლონ მოსკოვისთვის „მეგობრული“ ქვეყნების ენები, მაგალითად ჩინური. ეს განცხადება დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა ბიისულთან ხამზაევმა მედიასთან გააკეთა. „ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია ჩინური ენის ინტეგრირება სასკოლო სასწავლო გეგმაში“, - თქვა ხამზაევმა. კიდევ ორი ​​ენა, რომელიც, დეპუტატის თქმით, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, არის არაბული და ესპანური. სასკოლო ენის პროგრამის გადასინჯვის მიზეზი შესაძლოა, „მსოფლიოში არსებული ვითარება გახდეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ შეიქმნა“. ხამზაევის თქმით, დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაგმეს ომი, ჩინეთი და არაბული ქვეყნები უფრო ღია გახდნენ რუსეთისთვის. „თქვენ ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. აღმოსავლეთში, რუსეთის პოზიცია, პატივისცემა და რეიტინგი მხოლოდ იზრდება. ნორმალურ ადამიანებს ესმით, რომ რუსეთი დღეს იცავს საკუთარ ინტერესებს ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით. ამიტომ, როგორც არაბული ქვეყნები, ისე მთლიანად აღმოსავლეთი ახლა ღიაა რუსეთისთვის. ჩვენი ამოცანაა ვისარგებლოთ ამით. არის დიდი ფული, დიდი რესურსები, დიდი შესაძლებლობები. ეს ერთად მისცემს ჩვენს ქვეყანას უმაღლესი ხარისხის ეფექტს“, - დარწმუნებულია პარლამენტარი. რუსული სკოლების კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე ჩინურის ჩაბარება 2019 წლიდან შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ჩინურ ენას ასწავლიდნენ 168 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2020 და 2021 წლებში, ჩინურმა პოპულარობით ესპანურს გადაუსწრო, რომლის ერთიანი სახელმწიფო გამოცდა 2003 წლიდან არსებობს. 2021/2022 სასწავლო წელს ჩინური 13 000-ზე მეტმა ბავშვმა შეისწავლა.  

კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 2022 წელს დიდ პრესკონფერენციას არ გეგმავს, - განაცხადა მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის პრეზიდენტის დიდი პრესკონფერენცია 2001 წლიდან იმართება, მას შემდეგ რაც ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა.  პრესკონფერენცია მხოლოდ ერთხელ 2005 წელს არ ჩატარდა.  ამ დრომდე, 2012 წლიდან რუსეთის პრეზიდენტის დასკვნითი პრესკონფერენცი დეკემბერში იმართებოდა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა მიზეზს ასახელებს, რის გამოც პუტინმა ყოველწლიური პრესკონფერენცია გააუქმა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, გაუქმებულია „რუსეთში ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გავრცელების გამო". „კრემლის ოფიციალური პირები თითქმის უაღრესად მგრძნობიარედ უდგებიან იმ საკითხს, რომ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელსაც პუტინი დაესწრება, შესაძლოა, დისკუსია მოჰყვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ“, ნათქვამია სამინისტროს ცნობებში. მისივე თანახმად, რუსი ოფიციალური პირები, სავარაუდოდ, კვლავ შეშფოთებულნი არიან „რუსეთში ომის საწინააღმდეგო შეხედულებების გავრცელებით“, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის კითხვები „თითქმის, როგორც წესი, წინასწარ შემოწმებულია“.   კრემლმა პუტინის ყოველწლიური პრესკონფერენცია, 10 წლის განმავლობაში პირველად გადადო, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს - პოდოლიაკი

რუსეთი აშკარად მასშტაბურ ტერორისტულ აქტს ამზადებს, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი კრემლის განცხადებას უკრაინის მიერ დრონებით თავდასხმის შესახებ. კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი „რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ყველაფერი პროგნოზირებადია. რუსეთი აშკარად ამზადებს მასშტაბურ ტერორისტულ აქტს. ამიტომ ჯერ აკავებს ყირიმში ვითომ დივერსანტების მცირე ჯგუფს. შემდეგ კი აჩვენებს „დრონებს კრემლის თავზე“. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რატომ? ეს არანაირ სამხედრო ამოცანას არ ასრულებს, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ რუსეთმა გაამართლოს თავისი თავდასხმები სამოქალაქო ობიექტებზე“, – წერს პოდოლიაკი.  

ISW: კრემლზე დრონებით შეტევა სავარაუდოდ, თავად რუსეთის მიერ იყო დადგმული

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთმა მოაწყო და ამაზე რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს. ISW-ს შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის, მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა საჰაერო თავდაცვის მრავალი ფენა გაარღვია და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული“. „ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებლივი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“, - აცხადებენ ამერიკულ ინსტიტუტში. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.

„პუტინის საგანგებო მიმართვას“ კრემლმა „ფეიკი“ უწოდა

რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა. რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და სპეციალისტები ვითარებას უკვე აკონტოლებენ. პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე. „რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებს Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს. რუსეთის რეგიონული ხელმზღვანელები მიიჩნევენ, რომ მიმართვა პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად. რუსეთის რეგიონებში გახშირდა დრონებით თავდასხმები, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი შეტევაში მონაწილეობას არ ადასტურებს.  

კრემლის თანახმად, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელარუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.  

WSJ: კრემლი „ვაგნერის“ უცხოურ ოპერაციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

როგორ შეიძლება იქონიოს გავლენა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციაზე, სადაც ბოლო წლებში იმყოფებოდნენ რუსი დაქირავებული მეომრები, ამასთან დაკავშირებით, Wall Street Journal-მა (WSJ) ვრცელი მასალა გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები სასწრაფოდ გაემგზავრნენ სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. WSJ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, რომელიც წლების განმავლობაში უარყოფდა „ვაგნერთან“ კავშირს, შაბათს პრიგოჟინის კოლონის შეჩერების შემდეგ აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო, რათა დაემშვიდებინა პარტნიორები აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, რომ იქ „ვაგნერის“ ოპერაციები გაგრძელდება, ოღონდ უკვე სხვა ხელმძღვანელობით. „როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, მიითვისოს პრიგოჟინის დაქირავებული ჯარისკაცების ფართო ქსელი, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შესაძლებელია ეს და რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნავს გამოცემა. „ვაგნერი’ დაეხმარა რუსეთს თავისი გავლენის გაძლიერებაში და მთავრობას არ სურს მასზე უარის თქმა“, - იმოწმებს WSJ ჯონ პიტერ ფამს, აშშ-ის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს დასავლეთ აფრიკაში, საჰელის რეგიონში. WSJ ასევე ეყრდნობა რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტს, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ-ს შეუძლია ისარგებლოს დაბნეულობით და გავლენის ხელში ჩაგდებას შეეცადოს ქვეყნებში, სადაც აქტიური იყო „ვაგნერი“.  

აშშ-სომხეთის ერთობლივმა წვრთნებმა კრემლი შეაშფოთა

სომხეთსა და აშშ-ს ძალებს შორის მიმდინარე წვრთნებს კრემლის გაღიზიანება მოჰყვა. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ „წვრთნები ზიანს აყენებს სტაბილურობას არასტაბილურ რეგიონში.“ „ეჭვგარეშეა, რომ ამ ტიპის წვრთნების ჩატარება არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციას ან რეგიონში ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაძლიერებას“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მან განაცხადა, რომ „რუსეთი აგრძელებს უსაფრთხოების გარანტორის როლის შესრულებას.“ შეგახსენებთ, 3 სექტემბერს ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 11-დან 20 სექტემბრამდე, ერევანი და აშშ სომხეთში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ. ფაშინიანი იყენებს მომენტს სომხეთის საგარეო პოლიტიკის რეორიენტაციისთვის - მეთიუ ბრაიზა