უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, რუსეთთან 14 აპრილისთვის 9 ჰუმანიტარული დერეფანია შეთანხმებული

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ 14 აპრილისთვის რუსეთთან სხვადასხვა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით ცხრა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა შეთანხმებული.

იმ ქალაქებს შორს, სადაც ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას, არის ალყაშემორტყმული მარიუპოლი. 14 აპრილისთვის დაგეგმილია ასევე ბერდიანსკიდან, ტოკმაკასა და ენერგოდარიდან, ასევე ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთში მდებარე სხვა ქალაქებიდან ხალხის გაყვანა.

„ეს მოხერხდება, თუ რუსეთი შეწყვეტს ცეცხლს ამ არეალებში“,- აღნიშნა ვერეშჩუკმა Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებაში.


12 აპრილს მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა, რომ „ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა". 

1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.  

2 აპრილს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. 

რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.


ასევე წაიკითხეთ

უკრაინის ვიცე-პრემიერი: შეთანხმებულია ორი ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან და რუბეჟნოედან მოსახლეობის ევაკუაციისთვის