ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ათობით ათასი გარდაცვლილის გარდა, ბევრი ადამიანი გაუჩინარდა

სამხრეთ საპორტო ქალაქი მარიუპოლი უკვე განადგურებულია რუსული არტილერიის მხრიდან რამდენიმე კვირიანი დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • „ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ მარიუპოლში ათობით ათასი გარდაცვლილის გარდა, ბევრი ადამიანი გაუჩინარდა. მათ საბუთები შეუცვალეს, რუსული პასპორტები მისცეს და რუსეთში შეიყვანეს - ზოგი ბანაკებში, ზოგი სხვა ქალაქებში. არავინ იცის, რა ემართება ამ ხალხს. არავინ იცის, რამდენი დაიღუპა“.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში, სულ მცირე, 1 932 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2 589 - დაიჭრა. ორგანიზაციაში განმარტავს, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით დიდი იყოს.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

ცნობისათვის, 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.


ასევე წაიკითხე: მარიუპოლის მერის მოადგილე რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას ადასტურებს