მარიუპოლის მერის მოადგილემ სერგეი ორლოვმა რუსეთის მიერ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება დაადასტურა. „ჩვენ ვერ მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, მაგრამ გვაქვს დადასტურებული ცნობა სამხედროებისგან, რომ ეს მოხდა“, - განაცხადა ორლოვმა BBC-სთან.
უკრაინული მედიის ცნობოთ, 11 აპრილის საღამოს, აზოვის პოლკმა განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერება. დაზარალებულებს აღენიშნებათ სუნთქვის უკმარისობა, ვესტიბულო-ატაქტიური სინდრომი. უცნობი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.
მოგვიანებით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ქვეყანა პარტნიორებთან ერთად მუშაობს მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ დეტალების გადასამოწმებლად.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები ვერ ადასტურებს ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, თუმცა „სარწმუნო ინფორმაციას ფლობდა“ იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაში შესაძლოა, გამოიყენონ სხვადასხვა ქიმიური აგენტი“. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის კომენტარს CNN ავრცელებს.
იმავდროულად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას მიაწოდა აღჭურვილობა „ქიმიური იარაღის პოტენციური გამოყენებისგან დასაცავად". პრაისმა ასევე დაამატა, რომ აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ქიმიური აგენტების პოტენციური გამოყენების საკითხის გამოძიებაში.