საქართველოს პრეზიდენტი სკოლაში მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასურველია სკოლაში არჩევით საგნად სვანურისა და მეგრულის სწავლება დაიწყოს.

პრეზიდენტის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში განაგრძობს. 

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.


14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.

1978 წელს საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა; სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული ენა.

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

ამ განზრახვის წინააღმდეგ თბილისში მოეწყო მასობრივი გამოსვლები და მსვლელობა თსუ-დან უმაღლესი საბჭოს შენობისაკენ. ვითარება ხელისუფლებისათვის უმართავი ხდებოდა‚ საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის იმჟამინდელი პირველი მდივანი‚ ედუარდ შევარდნაძე ხალხთან გამოვიდა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ვითარების განსამუხტად.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.