ჯო ბაიდენი მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააფიქსირა მზადყოფნა, უკრაინას ეწვიოს. ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა მზად, თავად ჩავიდეს უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.

მანამდე, ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია უკრაინაში ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტის შესახებ. კერძოდ, საუბარი იყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის უკრაინაში ჩასვლაზე.


ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი 13 აპრილს კიევში ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.

12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.