დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - რა გადაწყვიტა სასამართლომ

მერაბ დვალიშვილი პარასკევს, დილით ადრე გაათავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან. მისი დაკავება სასტუმროში მომხდარ ჩხუბს უკავშირდებოდა, რომელშიც PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი უსმან ნურმაგომედოვი მონაწილეობდა. RAF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტაინმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც დვალიშვილთან დაკავშირებით საუბრობს.


ჟურნალისტ არიელ ჰელვანის თქმით, ბრონშტეინმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დვალიშვილის გათავისუფლებაში; ის 48 საათის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ჰელვანის ცნობით, ასევე გათავისუფლდა საბა ლაზიშვილიც. ჰელვანის ინფორმაციით, ბრონშტაინი დაწესებულებაში მათი გათავისუფლების დროსაც იმყოფებოდა.


ამ შაბათ-კვირას, RAF-ის ღონისძიებაზე, დვალიშვილი და ნურმაგომედოვი უნდა გამოსულიყვნენ. დვალიშვილს WSOF-ის უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მარლონ მორაესთან უნდა ეჩხუბა, ხოლო უმარ ნურმაგომედოვი — უსმან ნურმაგომედოვის ძმა — UFC-ის დიდების დარბაზის წევრ იურაია ფაბერს უნდა დაპირისპირებოდა.


MMA Fighting-ის ცნობით, ხუთშაბათს გამართულ RAF-ის პრესკონფერენციას არცერთი მათგანი არ დასწრებია; RAF-ის თანადამფუძნებელმა ჩად ბრონშტეინმა კი განაცხადა, რომ ამ ბრძოლების ბედი ჯერჯერობით უცნობია. ბრონშტეინმა ასევე აღნიშნა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე არ დაუშვებენ. „ცხადია, უსმანი შაბათ საღამოს ჩვენს ღონისძიებას არ დაესწრება“, — განაცხადა ბრონშტეინმა.


ცნობისთვის, არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National-ი აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო. 


The National-ის ინფორმაციით, სასამართლომ ექვს პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევის, პანიკის გამოწვევისა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის გამო ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის - დაახლოებით 212 ათასი ლარის - ჯარიმა და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაცია შეუფარდა. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა. კიდევ ორ პირს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევისა და სხვებზე თავდასხმისთვის თითოეულს 50 ათასი დირჰამის - დაახლოებით 35 300 ლარის - ჯარიმა დაეკისრა.


დანარჩენ ორ პირს ინციდენტის გადაღებითა და კადრების გავრცელებით პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა, თითოეულს 300 ათასი დირჰამის ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა. სასამართლომ მათი ტელეფონების კონფისკაცია და ჩანაწერების წაშლაც დაავალა.



შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.