რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერესჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, ტყვეობაშია ასევე, დაახლოებით, 700 სამხედრო პირია.
„რუსეთის ტყვეობაში დაახლოებით 1000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთა ნახევარი ქალები არიან. ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვე და მათ თითქმის ამდენივე ჰყავთ. მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან თავინთ ქმრებსა და ცოლებს, უნდა აღიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენ მათ სიას მუდმივად ვაძლევთ, თუმცა სხვა საკითხია, რომ მტრული მხარე არ თანხმდება ყველას გათავისუფლებაზე, არამედ ათავისუფლებენ მხოლოდ ნაწილს და მხოლოდ მათ, ვისაც თვლიან საჭიროდ. ეს მუდმივი ბრძოლაა ადამიანებისთვის, მაგრამ ჩვენ ამას თავს არ მივანებებთ,“- განაცხადა ვერესჩუკმა.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყებიდან დღემდე, 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული