Bloomberg: რომან აბრამოვიჩი კიევში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკების პროცესის განახლების მიზნით ჩავიდა

ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევშია. აბრამოვიჩის მიზანია რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების პროცესის განახლება.  ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ინფორმირებულმა წყარომ Bloomberg-ს აცნობა, რომ აბრამოვიჩი კიევში შეეცადა უკკრაინულ მხარესთან რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის განახლებაზე შეთანხმებას.

მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქი სავარაუდოდ, უკრაინის დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომლებიც რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში არიან ჩართულნი. ამასთან, წყაროს ცნობით, აბრამოვიჩმა უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების პროცესის აღდგენის გზებზე ისაუბრა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მედიამ კიევის ოლქში ბუჩაში დაღუპული ადამიანის ცხედრების ფოტომასალა გაასაჯაროვა. აბრამოვიჩის სპიკერმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ის კიევში არ იმყოფება და ოლიგარქის ვიზიტზე კომენტარს არ გააკეთებს. ასევე, აბრამოვიჩის ვიზიტზე კომენტარი გამოცემასთან არ გააკეთეს არც უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხაილო პოდოლიაკმა და არც კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 16 აპრილს განუცხადა, რომ აბრამოვიჩი არ არის ნეიტრალური მხარე და მოლაპარაკებებში რუსი ოლიგარქისა და უკრაინის დელეგაციის ინტერესები არ ემთხვევა. თუმცა უკრაინის დელეგაცია იმედოვნებს, რომ შესაძლოა, აბრამოვიჩი საკითხის დიპლომატიურ დარეგულირებაში დაეხმაროთ.


რუსი ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი 29 მარტს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა. 

მანამდე Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პირადად გადაწყვიტა აბრამოვიჩის ჩართულობა მოლაპარაკებებში. WSJ-ცნობით, კი ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ აბრამოვიჩს არ დაუწესოს სანქციები, რადგან ის შესაძლოა უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებებში დაეხმაროს.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ასევე წაიკითხეთ 

პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი პოლონეთში ჯო ბაიდენთან შესახვედრად ფარულად ჩავიდა - მედია