აზოვის პოლკის დამფუძნებელი: მარიუპოლს გიორგი ქუფარაშვილის შედგენილი გეგმის მიხედვით ვიცავთ

აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგეი კოროტკიხი, მეტსახელად „ბოცმანი“ kievvlast-თან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლკი ქართველ მოხალისე მებრძოლებთან, ბახვა ჩიქობავასა და გიორგი ქუფარაშვილთან ერთად 2014 წელს დააფუძნა.

„ფაქტია, „აზოვი“ შექმნა ორმა ქართველმა მოხალისემ 2014 წელს. ბახვა ჩიქობავამ [დაიღუპა მარიუპოლის დაცვისას] და გიორგი ქუფარაშვილმა, რომელიც მარიუპოლის დაცვისას მძიმედ დაიჭრა და ვინიცეში გადის მკურნალობის კურსს“, - განაცხადა სერგეი კოროტკიხმა.

„ჩვენ ვიყავით ერთად და ახლა აღმოჩნდა, რომ მომზადების ამ სისტემას და მოტივაციას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. 7 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ გვდევნიდნენ, გვეძახდნენ „ნაცისტებს“, კერძო არმიას, მაგრამ ახლა რასაც „აზოვი“ აჩვენებს მარიუპოლში, მსოფლიოში არცერთ არმიას არ შეუძლია ასეთი შედეგის დადება, - აცხადებს „აზოვის“ პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მისი თქმით, როცა საუბრობენ დასავლელ ინსტრუქტორებზე, რომლებიც თითქოს  „აზოვის“ ბატალიონს წვრთნიდნენ, - „ეს სისულელეა“.

„აზოვის“ პოლკი NATO-ს ინსტრუქტორებს არასდროს გაუწვრთნიათ. ჩვენ ვიყავით სანქციების ქვეშ, ჩვენგან ქმნიდნენ „ბუას“, რა NATO? ჩვენ თავად შევქმენით სერჟანტებისა და ოფიცრების სკოლა, რაც 90%, გიორგის დამსახურებაა. ის 7 წელი წვრთნიდა პოლკს და მარიუპოლის დაცვისთვის გეგმა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც ვიცავთ ამ ქალაქს“, - აღნიშნა „აზოვის“ ბატალიონის დამფუძნებელმა.

ამასთან, ამბობს, რომ პოლკის „სამეულის“ განადგურებისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში ერთ მილიონ დოლარს იხდიდნენ. „ახლა კი, მხოლოდ ჩემი მოკვლისთვის ჯილდოდ $500 ათასია დაწესებული... ახლა გიორგის იშვიათად ახსენებენ, რაც უსამართლობაა, იმიტომ, რომ სადაც ახლა „აზოველები“ არიან [მარიუპოლი, ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, დნეპრი, ოდესა, ნიკოლაევი]ჩვენ ვდებთ შედეგს.“


მარიუპოლი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ოლქების გვერდით მდებარეობს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაშია. მარიუპოლში რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადა იბრძვის. 36-ე ბრიგადა აზოვის ბატალიონს 13 აპრილს შეუერთდა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მარიუპოლის დამცველების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. „მარიუპოლი - ეს შესაძლოა, იქცეს ათ ბოროდიანკად, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების განადგურების შემთხვევაში, შესაძლოა ყველა მოლაპარაკებებს წერტილი დაესვას. ეს ყრუ კედელია...იმიტომ, რომ ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებითა და ჩვენი ადამიანებით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

12 აპრილს, შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. 

"ომის დაწყებიდან ქალაქში სულ მცირე 10 000 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა", - ამის შესახებ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.


ასევე წაიკითხეთ 

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთისთვის მარიუპოლი არის მედალი, რომელიც უნდათ მკერდზე ჩამოიკიდონ

მარიუპოლის მერი: ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა

საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფი მარიუპოლიდან: დღეს ალბათ უკანასკნელი ბრძოლა იქნება

ვალერი ზალუჟინი: მარიუპოლის მცველებთან კავშირზე ვართ, ვაკეთებთ შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც

მარიუპოლის მერის მრჩეველი: ინფორმაცია, რომ თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა