ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინაში ბოლო დღეებში კიდევ უფრო მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა „ახორციელებს ტერორის კამპანიას“ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN წერს, რომლის ცნობით, ნედ პრაისმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის ბოლოდროინდელი დარტყმების შესახებ უკრაინაში, ლვოვში.

„ფაქტია, რომ რუსეთი ახორციელებს ტერორის კამპანიას, სისასტიკის კამპანიას, საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინის ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ვნახეთ ბოლო საათებში, ლვოვზე დარტყმების, კიევის გარეუბანში დარტყმების თვალსაზრისით, ან ის, რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა, მარიუპოლი, ხარკოვი და რისი მოწმეც გავხდით ბუჩაში, ნათლად მიანიშნებს, და მოწმობს სისასტიკეს, ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები აწარმოებენ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა ნედ პრაისმა.


11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია.

ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.


ამავე თემაზე

ლვოვში რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს