ირანი აშშ-ს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, კვლავ ჩიხშია. Figaro-ს ცნობით, ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა საიდ ხატიბზადემ განაცხადა.
„აშშ-ს ეკისრება პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების შეფერხებაზე, რადგან პასუხის გაცემას აგვიანებენ“, - აღნიშნა ხატიბზადემ.
მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმება მიღწეული იქნება უახლოეს კვირებში. ასეთი განცხადება მარტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი თქმით, ირანთან ბირთვული შეთანხმება „რამდენიმე დღეში გადაწყდება“ .
Figaro წერს, რომ მხარეებს შორის პროგრესული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა და საკითხი ვერც თეირანში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორას ვიზიტისას გადაწყდა.
26 მარტს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა.
2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა.
შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.
ასევე წაიკითხეთ