იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პერსპექტივებს იტალიის პარლამენტის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის წინააღმდეგობას გმირული უწოდა და აღნიშნა, რომ „არ არსებობს იმის ნიშანი, რომ უკრაინელი ხალხი შეეგუება რუსულ ოკუპაციას“.
„იარაღის გაგზავნის გადაწყვეტილება პარლამენტში თითქმის ერთხმად მიღებულია... სანქციები აუცილებელია აგრესორის დასუსტებისთვის, მაგრამ ისინი ვერ შეაჩერებენ ჯარებს მოკლევადიან პერსპექტივაში. ამისთვის ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს პირდაპირ, რასაც ვაკეთებთ“, - განუცხადა დრაგიმ იტალიურ Corriere della Sera-ს.
ამასთან, დრაგიმ აღნიშნა, რომ NATO-ს ყველა მოკავშირის პოზიცია მაინც არის ომში ევროპის პირდაპირი ჩართვის თავიდან აცილება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისია და ყველა მოკავშირე დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტიანია.
ამავე თემაზე