ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსულმა ძალებმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო.

„ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ჯარმა დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო, რისთვისაც დიდი ხნის წინ ემზადებოდნენ. რუსეთის ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა ამ შეტევაზეა კონცენტრირებული. რაც არ უნდა მეტი სამხედრო გაგზავნოს რუსეთმა, ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ, თავს დავიცავთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ ყოველდღე. უკრაინულს არაფერს დავთმობთ, სხვისი კი არაფერი გვჭირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი იერმაკმა განაცხადა, რომ „ომის მეორე ფაზა დაიწყო“ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უკრაინის არმიასთან მიმართებით რწმენა არ დაკარგონ.

მარტის ბოლოს, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთმა კივისა და ჩერნიგოვსკის მიმართულებით სამხედრო აქტივობის „კარდინალურად შემცირების შესახებ“ განაცხადა და ამ ტერიტორიებიდან ჯარი გაიყვანა. 


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება. 


ასევე წაიკითხეთ

უკრაინის გენშტაბი: დონბასში რუსეთის მიერ შეტევითი ოპერაციის დაწყების ნიშნებია