ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის გათვალისწინებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული პირების დიზელის საწვავით უზრუნველყოფის პროექტი, რომელიც სამინისტრომ კომპანიასთან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ერთად განახორციელა, შესაძლოა, ამავე კომპანიასთან თანამშრომლობით კვლავ გაგრძელდეს.

საუბარი შეეხო ქვეყნების მიერ მდინარე მტკვრის წყლის რესურსის მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი კანონპროექტია მომზადებული, რომელიც ევროპულ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის და სააუზო მართვის საკითხებს დაარეგულირებს.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანის მხარესთან დაცული ტერიტორიების მიმართულებით. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) დაფინანსებით, წარმატებით ხორციელდება ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს პროექტი (TJS), რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს პროგრამის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან საქართველოსთვის 83 ქურციკის გადმოცემისთვის. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში და სამუხის ველზე პოპულაციის რიცხოვნობა დღეისთვის უკვე 200 ინდივიდს აჭარბებს. ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ელჩმა ფაიგ გულიევმა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მხარე გარკვეული რაოდენობის ქურციკების საქართველოსთვის გადმოცემას კვლავ გეგმავს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.