მოლდოვის ელჩი უკრაინაში: ომის პირველი დღეებიდან უკრაინის გვერდით ვართ საქმით და არა ლამაზი სიტყვებით

მოლდოვის ელჩი უკრაინის ვიცე-პრემიერის კრიტიკას გამოეხმაურა.

  • „მოლდოვის რესპუბლიკა უკრაინის გვერდით ომის პირველი დღეებიდან დგას, კონკრეტული საქმეებით და არა ლამაზი სიტყვებით. შემიძლია ვთქვა, რომ ათობით ათასი ლტოლვილი ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენ ქვეყანაში. დეკლარაციები, რომლებიც ემოციებსა და დარღვეულ რეალობას ეფუძნება, კი არ დაეხმარება, არამედ პირიქით, მხოლოდ დაპირისპირებას გამოიწვევს. მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები“, - წერს მოლდოვის ელჩი.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა, Jurnal TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვა ძალიან ცოტას აკეთებს უკრაინისთვის. მანამდე, კიევის გაღიზიანება მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებას მოჰყვა იმის შესახებ, რომ მოლდოვას არ აქვს საკმარისი აღჭურვილობა უკრაინის დასახმარებლად.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.