დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უცხოელ ლიდერებთან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შეხვედრის დეტალებზე წერს.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.
„დღეს შუადღისას მე ვესაუბრე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა უცხოელ ლიდერებს უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. მე მათ მოვახსენე ამ თვის დასაწყისში კიევში ჩემი ვიზიტის შესახებ და ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშაოთ უსაფრთხოების საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა უკრაინაზე აღარასოდეს განხორციელდეს ასეთი თავდასხმა“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა.
შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა.
12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა.
ამავე თემაზე