შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიდეოკონფერენცია გამართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე, მათ შორის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მუდმივი უზრუნველყოფა.
შეხვდრაში მონაწილეობდნენ კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულჯა ფონ დერ ლაიენი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს ვერნერ იოჰანისი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
„დღეს დილით მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე. ჩვენ მზად, ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დახმარება და დავაკისროთ მძიმე ეკონომიკური ფასი რუსეთს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის Twitter-პოსტში.
დღესვე, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას უფრო მეტ არტილერიას მიაწვდის. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის