საქართველოს დელეგაცია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სომხეთში იმყოფება. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის გენერალურ პროკურატურაში სამშაბათს გაიმართა ორი ქვეყნის გენერალური პროკურორების შეხვედრა.
სომხეთის გენერალურმა პროკურორმა არტურ დავტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის გენერალურ პროკურატურებს შორის ნდობის მაღალი დონე საშუალებას იძლევა, გადაიჭრას გადაუდებელი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთსამართლებრივ დახმარებასთან და ექსტრადიციის პროცესებთან.
მთიანი ყარაბაღის ომის ფონზე ქართული მხარის წვლილი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაში განსაკუთრებით გამახვილდა. თავის მხრივ, ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ სომეხი და ქართველი ხალხების ძმობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვაჭრობა და ორმხრივი ვიზიტები დინამიკურად იზრდება და საქართველო სომხეთს რეგიონში მნიშვნელოვან საყრდენად განიხილავს. შოთაძემ ასევე მიიწვია დავტიანი საქართველოში, სექტემბერში, დედაქალაქ თბილისში პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.
შეხვედრაზე განიხილეს ორი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვის ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. შეხვედრის შედეგად არტურ დატთიანმა და ირაკლი შოთაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სომხეთისა და საქართველოს პროკურატურებს შორის თანამშრომლობის შესახებ.