"უკრაინას პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავები არ მიუღია, მიიღო სათადარიგო ნაწილები", - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„უკრაინას პარტნიორებისგან ახალი თვითმფრინავები არ მიუღია. აშშ-ის მთავრობის დახმარებით, უკრაინის საჰაერო ძალებმა მიიღო სათადარიგო ნაწილები და კომპონენტები, საჰაერო ძალების ავიაციაში არსებული თვითმფრინავების ფლოტის აღდგენისა და შეკეთებისთვის, რაც საშუალებას მისცემს, მწყობრში ჩააყენოს მეტი ტექნიკა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.