პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემაზე კომენტარი განმარტა და განაცხადა, რომ შეცდომას ნანობს.
„შეცდომით ვთქვი, რომ მათ მთლიანი თვითმფრინავი გადაეცათ. ვნანობ შეცდომის გამო. უკრაინელებმა მიიღეს შეერთებული შტატების კოორდინაციისა და უზრუნველყოფის მეშვეობით საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.
„უკრაინელებმა შეერთებული შტატების მხრიდან კოორდინაციის გზით მიიღეს საკმარისი სათადარიგო ნაწილები და დამატებითი აღჭურვილობა, რითაც შეძლეს თავიანთ ფლოტში უფრო მეტი ფიქსირებული ფრთიანი თვითმფრინავის ექსპლუატაციაში ჩართვა, ვიდრე მათ ჰქონდათ თუნდაც 2-3 კვირის წინ“, - დაამატა კირბიმ.
შეგახსენებთ, 19 აპრილს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-თან განაცხადა, რომ აშშ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უკრაინას იარაღი უპრეცედენტო სიჩქარით მიაწოდოს. ამავე დღეს, პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინა იღებს მოიერიშე თვითმფრინავებს, ნაწილებს საჰაერო ძალების გასაძლიერებლად.
19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს.
ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.