უკრაინული მედია: სერგეი შოიგუმ „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა

სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ.

"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს „მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ“ აცნობა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ქალაქში კვლავ რჩება 2 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი", - აღნიშნავს უკრაინული მედია.


მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი

მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. 

მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.


რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.


ასევე წაიკითხეთ:

სერგეი შოიგუ: რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა"