2022 წლის ივნისში, იერუსალიმში, რომის პაპი ფრანცისკესა და რუსეთის პატრიარქის კირილს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ შედგება. „ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია შეხვედრის გადადება, მაგრამ ჩვენი დიპლომატია მივიდა დასკვნამდე, რომ ასეთი შეხვედრა გამოიწვევდა დიდ გაურკვევლობას“, - განაცხადა რომის პაპმა არგენტინულ La Nacion-თან ინტერვიუში.
ამასთან, აღნიშნა, რომ „ვატიკანი კარგადაა განწყობილი მოსკოვის საპატრიარქოსთან მიმართებით“.
თავის მხრივ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შეხვედრის კორექტირება „ბოლო ორ თვეში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია“. მისი თქმით, „ახლა შეხვედრის დაგეგმვა, ბევრ სირთულეს გამოიწვევდა უსაფრთხოების, ლოჯისტიკისა და ღია სივრცეში შეხვედრის გაშუქების საკითხებში. დაველოდებით უფრო კეთილსაიმედო ვითარებას“, - ციტირებს „ინტერფაქსი“ მიტროპოლიტს.
რომის პაპი ფრანცისკე და რუსეთი პატრიარქი კირილი, მხოლოდ ერთხელ 2016 წელს კუბაზე შეხვდნენ. ეს რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და რუსეთის ეკლესიის პატრიარქის პირველი შეხვედრა იყო 1054 წლის შემდეგ, როცა ქრისტიანული ეკლესია ორად - კათოლიკურ და მართლმადიდებელ ნაწილებად გაიყო.
რომის პაპს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთთან მიმართებით რამდენიმე კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა. ომის დაწყების მეორე დღესვე ფრენცისკე, ვატიკანში რუსეთის საელჩოში მივიდა, რაც მედიამ „დიპლომატიისგან უპრეცედენტო გადახრად“ შეაფასა.
ასევე რუსეთის პატრიარქმა კირილმა მხარეებს სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა ამავდროულად უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ რუსული არმიის წევრობა გმირობის ტოლფასია.
ასევე წაიკითხეთ
- რომის პაპი: გადადეთ იარაღი. დაე, დაიწყოს სააღდგომო შერიგება
- რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს
- რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“