ენტონი ბლინკენმა დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინაში ვიზიტისას, ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების დაბრუნების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

ბლინკენი და ოსტინი კვირას გაემგზავრნენ კიევში, სადაც შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და შინაგან საქმეთა მინისტრს დენის მონასტირსკის. შეხვედრა დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები უკრაინაში დაბრუნებას ამ კვირაში დაიწყებენ. გარდა ამისა, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკს დანიშნავს. ბრინკი ამჟამად აშშ-ის ელჩია სლოვაკეთში. ამ თანამდებობაზე ის 2019 წლიდან მუშაობს.


ამერიკულ მედიაში 2022 წლის იანვარში გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი არჩევანია.

ამასთან, CBS-ი იტყობინებოდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის შესახებ უკვე თვეებია, ცნობილია და გაურკვეველია, რამ გამოიწვია პროცესის შეფერხება. ტელეკომპანიას მაშინ ორმა უკრაინულმა წყარომ განუცხადა, რომ კიევი ბრინკის კანდიდატურას დათანხმდა.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა „ძალიან მალე“ გახდებოდა ცნობილი.

  • „შემიძლია გითხრათ, როდესაც ელჩი იქნება წარდგენილი, ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ეს იქნება ადამიანი, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი და ვისთანაც მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. მას ექნება ძალიან სამაგალითო გამოცდილება და ცოდნა ამ რეგიონში“.

2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ბრინკი ადრე მსახურობდა სერბეთში, უზბეკეთსა და საქართველოშიც. ბრიჯიტ ბრინკი რიჩარდ ნორლანდის ელჩობის პერიოდში (2011-2014) მისი მოადგილე იყო და ასევე, ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ცნობისთვის, უცხოური მთავრობისგან თანხმობის მიღება ელჩების შერჩევის სტანდარტული პროცესის ნაწილია და ჩვეულებრივ შეიძლება, გაგრძელდეს დღეებიდან კვირებამდე.


 ამავე თემაზე