თავდაცვის მინისტრი: უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა

ურთიერთობა, რაც ჩვენს ხალხს საუკუნეების განმავლობაში აქვს უკრაინელ ძმებთან, აუცილებლად უნდა დააფასოს ორივე მხარემ. უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებით საქართველო პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფი ქვეყანა არსებითად ჩამორჩება მას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობაა საქართველოს საზოგადოებაში უკრაინელების მიმართ, ამას არ მალავენ უკრაინელები. სავარაუდოდ, ჩემი აზრით, არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცეოდნენ უკრაინელ მოქალაქეებს, როგორც ჩვენთან. ელჩის გაწვევა, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო. რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდებიან ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა. ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა. ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქციები. იმ სანქციებთან შეერთება კი, რაც არანაირ ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, არ არის გონივრული“, – განაცხადა ბურჭულაძემ.


ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.