პრემიერმა Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Youtube-ზე გავრცელებულ სატელეფონო აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა.

„ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების მთავარი მიზანია საქართველოში ომიზ დაწყება. არიან გამწარებულები და მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების დხა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. ეს ჩანაწერები საერთოდ არაფრის მთქმელი არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, რომ ყველა მხარე აღიარებს ჩანაწერების ავთენტურობას, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა:

„ხსენებული ბიზნესმენი „აქეთ ურეკავს ჟურნალისტს და ეს წარმოუდგენელია“. არ მსურს ამ თემაზე საუბარი. რაც შეეხება შეხვედრას... რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი?! რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? რაზე ველაპარაკებით ხალხს?“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მას მართლაც მიმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნეს შემოთავაზებები, რაზეც მან უპასუხა, რომ შეხვდებოდა, რადგან ქალაქში არ იყო.

„შესაბამისად, გადავამისამართე ბიზნესსექტორთან, რაც დაადასტურა თავად ხიდაშელმაც. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს. ახლა მინდა შეკითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს, რაიმე შედეგი მოჰყვა?! ნული, არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და თქვენ მიერ ნახსენები ბიზნესმენის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. 

„მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


ცნობისთვის, ვლადიმერ ევტუშენკოვმა ქართულ მედიასთან დაუდასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი, თბილისში მარტში, ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა. პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის და ევროპის სანქციების ქვეშაა. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.