ანდრეი კასიანოვი: არ მაქვს უფლება, კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირის განცხადებებზე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოსთან, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში უკრაინა რუსეთისგან გაზს ყიდულობს და ევროპის ქვეყნებს აწვდის. 

„მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს, - განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ჯარისკაცები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

„მე არ მაქვს უფლება რამე კომენტარი გავაკეთო ცალკეული თანამდებობის პირების განცხადებებზე, რადგან ეს შეიძლება შეფასდეს შიდა პოლიტიკაში ჩარევად. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა არ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მხრივ, რომ რუსეთის საქონელი ჩანაცვლდეს. ვინაიდან რუსეთთან ვაჭრობა ტოქსიკურია. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციები დარჩება. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ რუსეთი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა ქვეყანას, ვინც გაგზავნა მოთხოვნა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიზნით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ჯარისკაცი, თითოეული მათი მეთაური და ხელმძღვანელობა იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - აღნიშნა კასიანოვმა.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან“. „ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.