ირაკლი კობახიძე: ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის უნდა გამოვრიცხოთ

„ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს ომში, უნდა იმაზე მძიმე შედეგები რაც უკრაინაშია და ამაზე მეტი, უნდა სრული ჰუმანიტარული, ეკონომიკურ, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც საქართველოს ომში შეიყვანდა. ეს არესტოვიჩმა განაცხადა, შესაბამისად, ეს არის ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ამაში ვეთანხმებით, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა, არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ომით ცხინვალსა და სოხუმს.

აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ზოგადად, რა შედეგებს მოუტანს თეორიული ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი და ეს შედეგები იქნება იმაზე ბევრად უფრო მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. კატასტროფაზეა საუბარი. ყოველი მესამე უკრაინელი თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი?! 45%-იანი ეკონომიკური ვარდნაა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება, ა.შ და უამრავი მსხვერპლი, რაც ამ ომს მოჰყვა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში „შენ გიწევს ბრძოლა არამხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ - სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროდ, გვქონდა, პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღვოდა ამას წინ“.

„უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა 30 წლის წინ, 30 წლის შემდეგ ჩვენ ასეთ რამეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხის და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ! ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, სააკაშვილს, უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: „მე ჩემს პირად მოსაზრებას გავაჟღერებ, არაოფიციალურს. ჩვენ ამას ღრმა? შეშფოთებით ვუყურებთ, ასე ვთქვათ. ჯერ ერთი ეს არის ისტორიული შესაძლებლობა დაიკავონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს; და მეორე, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ. ამას არა მხოლოდ არ აკეთებენ, არამედ ისინი დამატებით ცდილობენ გაამართლონ რუსეთის პოზიციები და ქმედებები. ეს ძალიან არამეგობრული ნაბიჯია უკრაინის მიმართ, ჩვენი საერთო საქმის მიმართ, რადგან აქ ჩვენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც ვიბრძვით. ეს აძლიერებს ქართველი ხალხის ადრეულ ევროატლანტიკური მისწრაფებებს. მე მეჩვენება, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან ცდილობს, მოაწონოს თავი რუსეთს მათი ქმედებებით და განცხადებებით. ეს დიდი პრობლემაა ქართველი ხალხისთვის და ჩვენთვის“.

ცნობისთვის, ოლექსეი არესტოვიჩმა 26 აპრილს ასევე განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 27 აპრილს, ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენ მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის მზად და ამას სააკაშვილი გააკეთებდა. დღეს რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი ყოფილიყო, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს“. 


ასევე წაიკითხეთ