საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკელი სენატორის, რენდ პოლის განცხადებას, რომლის თანახმად, ალიანსის გაფართოება პუტინის პროვოცირებას ახდენს, ღიმილისმომგვრელი უწოდა და აღნიშნა, რომ სენატორი რუსულ პროპაგანდას იმეორებს.
„ეს არის ჩვეულებრივი რუსული ხაზი”, - განაცხადა ზურაბიშვილმა The Hill-თან ინტერვიუში. „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია მისი მეზობლების უსაფრთხოების გაძლიერებაზე, რუსეთში ეს აღიქმება პროვოკაციად და საფრთხედ და ეს ღიმილის მომგვრელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
The Hill-ი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისთან შეხვედრა გაუქმდა, რადგან ამ კვირაში COVID19 დაუდასტურდა. ზურაბიშვილი ხუთშაბათს შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსის, ასევე შეხვდა სენატორებს, მათ შორის სენატორ კრის კუნსს, რომელიც გასულ კვირას თბილისს ეწვია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ამ დროს ყურადღება მიაქციონ იმას, რაც ხდება ორივე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია…რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი The Hill-თან ინტერვიუში.
ცნობისთვის, სენატორმა რენდ პოლმა სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ მოსმენაზე, NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კვეთს პუტინის მიერ დასახულ წითელ ხაზს. ბლინკენმა უარყო ეს მოსაზრება და განაცხადა, რომ ეს ძირს უთხრის სუვერენული ქვეყნების უფლებას, გადაწყვიტონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა. რენდ პოლმა დააკონკრეტა, რომ არ ამართლებს რუსეთის შეჭრას მეზობლების ტერიტორიაზე და რომ უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე თავდასხმის ნიმუში. მისივე თქმით, რუსეთის შეჭრა და ტერიტორიების ოკუპაცია მოლდოვასა და საქართველოში იმიტომ მოხდა, რომ ისინი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ 1920-იანი წლებიდან. ბლინკენმა უარყო პოლის წინადადება და თქვა: „ამ ქვეყნების ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი და ბედი“.