„არ მგონია, რომ სააკაშვილი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ „თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული“.
პრეზიდენტის შეფასებით, სააკაშვილის შეწყალება, „საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს“.
„მე, სააკაშვილის პარტიის რამდენიმე ლიდერი შევიწყალე მას შემდეგ, რაც მათ განაჩენი გამოუტანეს. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს, შიდა შერიგებისა და დეპოლარიზაციის პროცესს ხელს შეუწყობდა. ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულიად საპირისპირო პოზიციაზე ვართ, რადგან სააკაშვილის შეწყალება, საქართველოში მეტ პოლარიზაციას გამოიწვევს, რადგან არის ქვეყნის ნაწილი, რომელიც ერთ მხარეს მტკიცედ დგას და ალბათ, უმეტესობა, უმრავლესობა, ნებისმიერი ფორმის შეწყალების წინააღმდეგია. როგორც უკვე ვთქვი, არის სხვა საკითხი, რომ თუ მას მართლაც დაუსვეს რაიმე სერიოზული დაავადების დიაგნოზი, მაშინ ვფიქრობ, რომ მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, მნიშვნელოვანია ერთიანობის შენარჩუნება, რაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, ამის დემონსტრირებაა, რომ თუ ერთიანი ხარ, ნებისმიერ რამეს შეიძლება წინააღმდეგობა გაუწიო. მოსახლეობის ერთიანობის ფანტასტიკური მაგალითი უკრაინაში გვაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრმა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ თქვა, რომ, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.
ექსპრეზიდენტის ოჯახი, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებას დროს 2 მაისამდე აძლევს.