საქართველოს პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა. ვაშინგტონში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, ასევე, იმაზე, აქვთ თუ არა შეკითხვები პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის საკითხზე და ამ მიმართულებით გარკვეული ეჭვები თუ არსებობს.
საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან საუბარი ვიზიტის მიზნებსა და ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე კომენტარით დაიწყო.
- მე აქ ჩამოვედი სპეციალურად მადლენ ოლბრაიტის დასაფლავებაზე, რამეთუ მას კარგად ვიცნობდი. მიმაჩნია, რომ ის იყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი ლიდერი, პირველი აშშ-ის სახელმწიფო ქალი მდივანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოვიდნენ და ის იყო საქართველოს მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რამეთუ, აშშ-ის სამი პრეზიდენტი ესწრებოდა ამ ცერემონიას და იყო ძალიან შთამბეჭდავი ამ კუთხით.
- ისტორიული მომენტია, როცა „აშშ-ის პრეზიდენტი დღეს გამოვიდა და მიმართა კონგრესს, რომ გამოიყოს $33 მილიარდი უკრაინის დასახმარებლად, ვისაც შევხვდი კონგრესში დღეს, ამით ყველა გამხნევებულია. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს! ეს მათი ღრმა რწმენაა, რადგან ამერიკამაც გადადგა, ეს ძალიან გადამწყვეტი ნაბიჯი. ასევე, მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტია იმ მხრივ, რომ გუშინ, „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ მიიღეს, რომელიც სენატში უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ეს პროცედურაა და ყველამ ვიცით, რომ ეს საბოლოოდ დადასტურდება. ეს ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო ამხნევებს, აძლიერებს და აღრმავებს. ჩემი გზავნილი კონგრესმენებთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იმ დროს, როცა მთლიანად ამერიკა დგას უკრაინის გვერდით და ჩვენც ვართ სრულიად სოლიდარულები უკრაინის მიმართ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ თავისი ყურადღება არ „შეანელოს“ საქართველოს მიმართ და მინდა აღვნიშნო, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ უკრაინას პრიორიტეტი აქვს დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო და მოლდოვაც არ უნდა იყვნენ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ...
იყო სხვადასხვა სცენარზე საუბარი, მაგრამ მე არ ვიხმარდი სიტყვას - მოსალოდნელი საფრთხე. არსებობს სცენარები და ამიტომ არის საჭირო ჩვენ ვიყოთ ყურადღების ქვეშ და არა იმიტომ, რომ პანიკა დაითესოს ამ საფრთხეების მიმართ. დღეს რუსეთი სრულად არის ჩართული თავის აგრესიაში უკრაინის მიმართ, ამავე დროს, ნერვების ომი აქვს დაწყებული მოლდოვასთან და თუნდაც საქართველოსთან, „სამხრეთ ოსეთის“ ქმედებების შედეგად, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად. ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების სრული ყურადღება და მხარდაჭერა, ჩვენ თავად არ უნდა დავიწყოთ პანიკის დათესვა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხი განხილული არ ყოფილა.
- საქართველოში არ შეიძლება, იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე. ჩემთვის ეს არ არსებობს, საქართველოში ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ევროკავშირის კითხვარზე პასუხებს ვამზადებთ, არ შეიძლება, ისმოდეს ასეთი ბრალდებები, მეორე მხრივ, არ შეიძლება, იმაზე საუბრობდნენ, რომ სანქციების გვერდის ავლით მიმდინარეობს რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა, ამ საკითხზე აქ არანაირი ეჭვი არ ყოფილა. მგონი, არავის როლი არ არის, რომ ჩვენ გარეთ ეჭვები შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მიმართ, რამეთუ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია არის ჩვენი მთავარი დამცველი სამომავლოდ.
შეკითხვაზე, იყო თუ არა კითხვები აღნიშნულ საკითხზე, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა.
„იმ ყველაფრით, რაც თბილისსა და კიევს შორის უხერხულობას, გაუგებრობას და დაძაბულობას ქმნის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის, რომ ვიყოთ ერთად და სოლიდარობა გამოვიჩინოთ - როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთად უნდა ვიყოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც „ომის პარტია“ ჰქვია”. კობახიძის თქმით, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს. სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადებები „პოლიტიკური, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური“ იყო.