ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა განაცხადა.
კარპენტერის თქმით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.
„ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა“, - განაცხადა კარპენტერმა.
მისივე თმქმით, რეალობა ისაა, რომ რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად.
„ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნავს კარპენტერი.
ამავე თემაზე