მაიკლ კარპენტერი რუსეთის ახალ გეგმაზე, პუტინის მუქარაზე, მოლდოვასა და საქართველოზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი რუსეთის მიზნებზე უკრაინაში, ჟურნალისტებს ახალ ინფორმაციას უზიარებს. ელჩის ინფორმაციით, რუსეთს კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა სურდა, რაც მოკსოვმა ვერ განახორციელა, ახლა კი, ადგილობრივი ხელისუფლებების დაშლა განიზრახა, მათ შორის ე,წ. რეფერენდუმების ჩატარებით. მაიკლ კარპენტერმა საერთაშორისო მედიის შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

Europetime ამ შეკითხვებსა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მაიკლ კარპენტერის პასუხებს გთავაზობთ.

მაიკლ კარპენტერი:

  • ახლა, რუსეთის სამხედრო კონტროლი უკრაინაში, ძირითადად, სამხრეთ და აღმოსავლეთში ვრცელდება, დონბასის რეგიონსა და ჰერსონის ოლქში. რუსეთი შეეცდება „ყალბი რეფერენდუმების“ ჩატარებას სხვადასხვა რაიონში, რომლებსაც რუსული ძალები აკონტროლებდნენ წარსულში. ვხედავთ, რომ ჰერსონის ოლქში მსგავსის გაკეთებას მაინც გეგმავენ. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე და ვრწმუნდებით, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და მოკავშირეებმა გაიგონ, რომ ეს არის გეგმა, რომელიც რუსეთს აქვს. აშკარად ფანტაზიის სფეროდანაა, რომ ჰერსონში ვინმემ შესაძლოა, ხმა მისცეს რუსული ოკუპაციის სასარგებლოდ. პირიქით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს არის გეგმა რუსეთის „თამაშის წესებიდან“, რომელიც ჩვენ ვნახეთ წარსულში და გვჯერა, რომ მათ კვლავ სურთ ამის ორკესტრირება. მათ შორის, ყალბი რეფერენდუმების ჩატარებით, რათა მის კამპანიას „ლეგიტიმურობის სახე“ მისცეს  მარიონეტების გამოყენებით. ეს არაერთხელ ვნახეთ 2014 წელს, როდესაც კრემლმა მოაწყო ე.წ. რეფერენდუმები უკრაინის რეგიონებში, ყირიმში, ლუჰანსკსა და დონეცკში – ყოველ ჯერზე, „საზოგადოების მხარდაჭერით“. რეალობა, რა თქმა უნდა, არის სხვა: რუსეთმა დააწესა მარიონეტული რეჟიმები, რომლებიც დამოკიდებულნი არიან რუსეთის ქრთამებზე და მოაწყო „სახალხო საბჭოები“, ყალბი კონსტიტუციების შესაქმნელად. ახლა ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ - და სამშაბათს, რუსულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ჰერსონი „გაათავისუფლეს".

მათ ახლა გამოსცეს განკარგულება, რომ დაიწყებენ რუსული რუბლის ვალუტად გამოყენებას. უკრაინის მთავრობა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მალე მოაწყოს ყალბი რეფერენდუმი ჰერსონში და ჰკითხოს მოსახლეობას, ეთანხმებიან თუ არა ისინი „ჰერსონის სახალხო რესპუბლიკის“ ერთეულის „დამოუკიდებლობას“. რა თქმა უნდა, ეს არის ფანტაზია და ფაბრიკაცია. ასეთი სუბიექტი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის მიღმა არ არსებობს. არავინ უნდა მოტყუვდეს ამ თეატრალიზებით. კიდევ ერთი პუნქტი, რომლის ხაზგასმაც მსურდა არის ის, რომ სამწუხაროდ და ტრაგიკულად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაყვანა იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ის აკონტროლებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, ან რუსეთში, ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასის ნაწილებში ე.წ. „ფილტრაციის ბანაკების" გავლით.

ჩვენ ვხედავთ სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალები აგროვებენ ადგილობრივ მოსახლეობას ამ რაიონებში, აკავებენ მათ ამ ბანაკებში და შემდეგ სასტიკ პირობებში კითხავენ მათ უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო.

არის ცნობები, რომ მათ, ვინც ეჭვმიტანილია რაიმე სახის კავშირში, სცემენ ან აწამებენ, ვიდრე ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანენ, სადაც ბევრი მათგანი გაუჩინარებული ან მოკლულია. ასევე არის ცნობები, რომ ამ „ფილტრაციის ბანაკებში“ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც დაკითხვას გადიან, შემდეგ გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ კონტროლირებად დონბასში. ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და/ან კლავს ადგილობრივ არჩეულ ლიდერებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ასევე, რელიგიურ ლიდერებს.
 

როდის მიიღო შეერთებულმა შტატებმა მტკიცებულება, რომ რუსეთი ცდილობს, დაშალოს უკრაინაში ყველა ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობა და რამდენად სწრაფად აფასებს სიტუაციას აშშ, რომ ეს შეიძლება მოხდეს როგორც სამხრეთში, ასევე აღმოსავლეთში? ასევე, რამდენად შეშფოთებულია აშშ პუტინის გაფრთხილებით, რომ ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან ჩარევას უკრაინის საქმეში, მოსკოვის მხრიდან ელვისებური პასუხი მოჰყვება?

ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთს აქვს გადაწყვეტილი, შეეცადოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაშლას ან განეიტრალებას უკრაინის ყველა რეგიონში, სადაც ის შეიჭრა და სცადა ოკუპაცია. ახლა, როგორც მოგეხსენებათ, უკრაინულმა ძალებმა მამაცურად უკუაგდეს რუსები კიევის ჩრდილოეთ ნაწილსა და სუმის რეგიონში. ისინი ამას წარმატებით აკეთებენ ხარკოვის გარშემოც. მაგრამ ჩვენ ვწუხვართ, რომ განსაკუთრებით სამხრეთსა და აღმოსავლეთში, სადაც რუსეთის ძალებმა განახორციელეს გარკვეული წინსვლა ბოლო დღეებში, სხვაგანაც იგივეს გაკეთებას შეეცდებიან.

და ჩვენ კონკრეტულად ვამახვილებთ ყურადღებას ჰერსონზე, რადგან ვხედავთ, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც რუსები შეეცდებიან, განათავსონ საკუთარი მარიონეტული მმართველი სტრუქტურები, მოახდინონ ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, რაც აშკარად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ეს იქნება ომის დანაშაული. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, ცხადია, რუსეთი ცდილობს სხვის დადანაშაულებას. რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არავინ ემუქრება. რუსეთი თავის მშვიდ მეზობელს ათიათასობით საბრძოლო ჯარით დაესხა თავს. ვინ არის აქ აგრესორი? ვინ არის ის, ვინც ახორციელებს ამ სამხედრო დანაშაულებს და სისასტიკეს? პასუხი აშკარაა. ასე რომ, როდესაც პრეზიდენტი პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება, ვფიქრობ, აშკარაა, რომ დანაშაულის სხვაზე გადაბრალების მცდელობა.

რუსეთის თავდაპირველი მიზანი მართლაც იყო კიევში ცენტრალური ხელისუფლების დამხობა, უკრაინის ხელმძღვანელობის ფაქტობრივად ჩამოშლა

მათი ეს ძალისხმევა ჩავარდა. კიევის ბრძოლაში უკრაინამ მოიგო. მან რუსულ ძალებს უკან დაახევინა. ეს ძალები გადაჯგუფდნენ და ახლა ჩართულნი არიან სრულ თავდასხმაში დონბასზე, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. რა თქმა უნდა, რუსეთი იმ ადგილებში, სადაც ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა, ცდილობდა დაემხო ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებიც. ჩვენ ვნახეთ ეს, მაგალითად, ქალაქ მელიტოპოლში. მე პირადად შევხვდი მელიტოპოლის მერს, რომელიც მოგეხსენებათ, დღისით გაიტაცეს. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ წაიყვანეს შეიარაღებულმა ადამიანებმა. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ამ სახის საქმიანობას სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ასე რომ, დიახ, ეს აქტივობა ორიენტირებულია იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსები არიან დიდი რაოდენობით და სადაც მათ აქვთ ეფექტური კონტროლი და შექმნილი აქვთ ფილტრაციის ბანაკები.

ომის მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობა საქართველოში ან მოლდოვაში

რუსეთის აგრესიამ შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ვფიქრობ, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმის მასშტაბებს, მასშტაბებს უკრაინაზე და იმ სისასტიკეს, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში, მათ შორის საშინელი, ამაზრზენი სურათები ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბუჩა და ბოროდიანკა, მე ვფიქრობ, რომ რუსეთის მიზნების მიმართ იმედით აღსავსე და ოპტიმისტურები ვერ ვიქნებით... ჩვენ ვხედავთ რუსეთის ძალების უზარმაზარ რაოდენობას, ასევე, მის აღჭურვილობას, რომლებიც ახლა განლაგებულნი არიან უკრაინაში. ცხადია, მთავარი ბრძოლა სწორედ აქ მიმდინარეობს. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა სუვერენიტეტისთვის და ფაქტობრივად, ეს არის ბრძოლა საერთაშორისო წესრიგის მომავლისთვის. მეორე ფრონტები? ისინი შეიძლება მოხდეს სხვა ადგილებში, მაგრამ ახლა ცხადია, „ისინი კონცეტრირებულნი არიან უკრაინაში“ (რედ.).

როგორ ხედავთ ბელორუსს უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში - როგორც რუსეთის მოკავშირეს თუ როგორც რუსეთის მიერ დე ფაქტო ოკუპირებულ ქვეყანას?

ჩვენ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოვითხოვეთ ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ჩვენ დავსვით კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის, და რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს.

როგორ შეიძლება ეუთოს წევრს მიეცეს უფლება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს? შეეძლება თუ არა რუსეთს ეუთოს ფუნქციონირების შეჩერება, თუ ეს ქმედებები გაგრძელდება?

ეუთო არის ერთ-ერთი ორგანიზაცია, ისევე როგორც გაერო, რომელიც ინკლუზიურია და პროცედურულად ძალიან რთულია მისი ფუნქციონირების შეჩერება. მაგრამ ნება მომეცით, უბრალოდ აგიხსნათ, თუ როგორ აღვიქვამთ ეუთოს, როგორც ინსტრუმენტს. როგორც ფორუმი, ჩვენ ვიყენებთ ეუთოს რუსეთისა და ბელორუსის დიპლომატიური იზოლაციისთვის და ისინი იზოლირებულები არიან. მათ არავინ დაუჭერს მხარს და ჩვენ გვყავს დაახლოებით 45 მონაწილე სახელმწიფო, რომლებიც რეგულარულად გმობენ მათ ქმედებებს.

როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ვცდილობთ, უზრუნველვყოთ, რომ ეუთო რეალურად ემსახურებოდეს მიზანს ადგილზე. ასე რომ, ჩვენ გვაქვს 15 საველე მისია, მათ შორის ერთი უკრაინაში, რომელიც შეიძლება ნაკლებად ცნობილი იყოს, მაგრამ პროგრამის კოორდინატორის ოფისი ფიზიკურად იმყოფება უკრაინაში და ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას უზრუნველყოფს.

ეუთოს აქვს საველე მისიები ცენტრალურ აზიაში, დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვაში. ეს საველე ინსტიტუტები წარმოუდგენლად ღირებულ სამუშაოს სწევენ უკრაინაში; ისინი უზრუნველყოფენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მოლდოვაში, აკონტროლებენ უსაფრთხოების ვითარებას მდინარე დნესტრის ორივე მხარეს; ხოლო დასავლეთ ბალკანეთში ისინი ხელს უწყობენ პროცესების დარეგულირებას; სხვა ბევრ რამესთან ერთად.

და ბოლოს, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიცაა მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენელი და ODIHR, რომლებიც დაკავებულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევისა და შესაძლო ომის დანაშაულების დოკუმენტირებით. ასე რომ, სწორედ აქ არის განთავსებული ეუთო ახლა. ეს არის ინკლუზიური ინსტიტუტი და ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ კუთხით, რათა მაქსიმალურად შევეცადოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მე ვიცი, რომ ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს იმის დანახვა, რომ ეუთო არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაცია. ამ მომენტში, ცხადია, ვერაფერზე ვერ ვპოულობთ კონსენსუსს რუსეთთან და ბელორუსთან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათი დიპლომატიური იზოლაცია და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.