საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ე.წ. „ქოლ-ცენტრების” მეშვეობით თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ჩართული 9 პირი გამოავლინა.
დევნა დაწყებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ.
„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის დაიწყო, რაც სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, ანალოგიურ ფაქტზე, ამ ეტაპისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი 24 ფიზიკური და 2 იურიდიული პირის მიმართ, ხოლო 1 პირის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.