რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ.
„ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს, გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს, ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს, რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? - არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება, დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს. პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.