უკრაინის დაზვერვა: მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, მოსკოვი ცდილობს, სხვა ქვეყნების საშუალებით, სანქციების გავლენა შეამციროს და საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე რეექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი გეგმავს ОДКБ-ს ქვეყნების (ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გამოყენებით აწარმოოს სამხედრო პროდუქცია რუსეთის არმიისთვის და ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, რომელთა შესაქმნელადაც საჭიროა უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილები. ამ გზით რუსეთი გაზრდის ამ ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რაც კრემლის ინტერესებშია, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მისივე თანახმად, სომხეთი ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსულ ბიზნეს კომპანიებს, პირველ რიგში, IT სექტორში. რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ, დაახლოებით რუსეთის 85 ათასი მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩავიდა სომხეთში. ამასთან, რუსეთის მოქალაქეებმა სომხეთის ტერიტორიაზე ათასამდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნეს, რომლებიც გადასახადებს ორი ქვეყნის, სომხეთის და რუსეთის ბიუჯეტში გადაიხდიან. უკრაინული დაზვერვის ცნობით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების წამყვანი მწარმოებელი ულიანოვსკის მექანიკური ქარხანა გერმანულ ნაწილებს იღებს და ამ პროცესში ჩართულია ყაზახეთი.

უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი გერმანულ პროდუქციას ბუკის ტიპის საჰაეროს თავდაცვის სისტემების და საზენიტო სარაკეტო დანადგარების წამოებისა და მოდერნიზაციისთვის იყენებდა.  ამ პროდუქციის მიწოდება გაზრდილი სანქციების პირობებში შეუძლებელი გახდა. ამ განცხადების ადრესატები უკრაინული დაზვერვის ინფორმაციას ჯერ არ გამოხმაურებიან.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.